ახალი ამბები

2023-2024 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის რეგისტრაცია 10 ივლისს დაიწყება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2023-2024 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაცია 10 ივლისს დაიწყება. რეგისტრაცია წარიმართება სამ ეტაპად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე -  www.kids.org.ge. 

 

რეგისტრაციის პირველი ეტაპი დაიწყება 10 ივლისს, 10:00 საათზე და გაგრძელდება 16 ივლისის 00:00 საათამდე. რეგისტრაციას გაივლიან მიზნობრივი შემდეგი სოციალური ჯგუფის წარმომადგენელი ბავშვები:

 

ა) სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი ბავშვები, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 100 000 ქულას;

 

ბ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები;

 

გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები (შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების წერილობითი მომართვის საფუძველზე);

 

დ) მარტოხელა მშობლის შვილი (შვილები);

 

ე) მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირის შვილი (შვილები) ან/და ნაშვილები;

 

ვ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი, დაშავებული, დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების შვილები;

 

ზ) იმ ოჯახის წევრი ბავშვი, რომელთა შვილი (შვილები) სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების მომსახურებით (დედმამიშვილები);

 

თ) თბილისის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ თანამშრომელთა შვილები.

 

აღსანიშნავია, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები, დედმამიშვილები, მრავალშვილიანი და მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა შვილები რეგისტრაციის გავლას შეძლებენ სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე - www.kids.org.ge.

 

რაც შეეხება სამხედრო მოსამსახურეთა შვილებსა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს, ისინი დარეგისტრირდებიან სააგენტოს მიერ, სპეციალურად რეგისტრაციისთვის შექმნილ ელექტრონულ ფოსტაზე - registracia2024@gmail.com შესაბამისი დოკუმენტაციის გამოგზავნის შემდეგ.

 

რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტებია: 1. სამხედრო მოსამსახურეთა შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ცნობა, მშობლების პირადობის მოწმობის ასლები, ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი. 2. განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების შემთხვევაში: შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა N100 ან ფორმა N50, ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი და მშობლების პირადობის მოწმობის ასლები. ამასთანავე, რეგისტრაციისთვის გადმოგზავნილ დოკუმენტაციასთან ერთად, აუცილებელია მშობლის საკონტაქტო ინფორმაციისა და სასურველი ბაღის ნომრის მითითება.

 

თანამშრომელთა შვილების რეგისტრაციისთვის საკმარისია, შესაბამისი ბაგა-ბაღის სარეზერვო სიაში ბავშვის მონაცემების ატვირთვა.

 

რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყება 17 ივლისს, 10:00 საათზე და გაგრძელდება 24 ივლისის 00:00 საათამდე. ამ ეტაპზე დარეგისტრირდებიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვები.

 

რეგისტრაციის მესამე ეტაპი ითვალისწინებს საყოველთაო რეგისტრაციას, რომელიც დაიწყება 25 ივლისს, 10:00 საათზე. რეგისტრაციის გავლას შეძლებს ყველა ის ბავშვი, რომელიც სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში, 18 სექტემბრის მდგომარეობით, შეუსრულდება ორი წელი.

 

იმ შემთხვევაში, თუ მშობელი ვერ ახერხებს ბავშვის ელექტრონულ რეგისტრაციას, შეუძლია, განცხადებით მიმართოს საცხოვრებელ ადგილთან ახლოს მდებარე რაიონულ სერვისცენტრს ან სასურველ საბავშვო ბაგა-ბაღს.

 

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მოქალაქეს შეუძლია, დაუკავშირდეს  თბილისის მერიის ცხელ ხაზს - 2 72 22 22 ან საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ცხელ ხაზს - 2 37 82 43.