ახალი ამბები

კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსმა“ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების ექთნების გადამზადება დაიწყო

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში დასაქმებული ჯანმრთელობის კოორდინატორები გადამზადების სპეციალურ კურსს გადიან პირველადი გადაუდებელი დახმარების, დიარეისა და ინფექციური დაავადებების გამოვლენა-მართვის მიმართულებით.

ექთნების გადამზადებას კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი უზრუნველყოფს. ტრენინგის პირველი ეტაპი თბილისში მოქმედი საზაფხულო ბაღების ექთნებისთვის კლინიკის ბაზაზე ჩატარდა და მსმენელებს საშუალება ჰქონდათ გაევლოთ როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული კურსი და ენახათ, თუ რა თანამედროვე მიდგომები და ტექნოლოგიებია ხელმისაწვდომი მცირეწლოვანი ბავშვებისთვის შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევისათვის.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო პერმანენტულად აფინანსებს პერსონალის განვითარებისათვის აუცილებელ სასწავლო კურსებს, თუმცა ამჯერად, ექთნების გადამზადება კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ხელმძღვანელობამ სოციალური პროექტის ფარგლებში დაგეგმა.

„საინტერესო შემოთავაზება მივიღეთ კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსისგან“.  კვალიფიციური და კომპეტენტური პერსონალის მუშაობა ბაღებში ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, რადგან ბავშვთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. მაშინ, როდესაც თითოეულ ექთანს უწევს 200-დან 800-მდე ბავშვის ჯანმრთელობის კონტროლი, მნიშვნელოვანია, რომ მათ ჰქონდეთ მუდმივად განახლებული ცოდნა და მაღალი კვალიფიკაცია, რათა დროულად მოახდინონ რეაგირება კონკრეტულ შემთხვევებზე და ასევე გაატარონ სათანადო პრევენციული ღონისძიებები ,“ - განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ და მადლობა გადაუხადა ნიუ ჰოსპიტალსის ბავშთა ჯანმრთელობის ცენტრს თანამშრომლობისათვის.

კურსის დასრულების შემდეგ ექთნებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. სწავლების მეორე ეტაპი სააღმზრდელო წლის დაწყებისთანავე ჩატარდება და მას ბაღებში დასაქმებული ყველა ექთანი გაივლის. 

ნიუ ჰოსპიტალსიევროპული სტანდარტების დაცვით აშენებული, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, 250 საწოლიანი მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც 2011 წლიდან უმაღლესი ხარისხის სტაციონარულ და ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობს პაციენტებს. „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრმა ფუნქციონირება 2019 წელს დაიწყო და სრული პედიატრიული მომსახურებით უზრუნველყოფს პაციენტებს.