ახალი ამბები

N12 ბაღმა რემონტის შემდეგ სააღმზრდელო პროცესი განაახლა

თბილისის N12 ბაგა-ბაღში 4-თვიანი პაუზის შემდეგ, სააღმზრდელო პროცესი განახლდა. საბავშვო ბაღის შენობაში სრულად განახლდა ინტერიერი - ჩატარდა სამღებრო სამუშაოები, შეიცვალა ელექტროსისტემა, მოეწყო სახანძრო უსაფრთხოების სისტემები, განახლდა იატაკი, კარები, განათებები, გამწოვი სისტემები და სხვა ინვენტარი, სამგორის რაიონის გამგეობამ კი ბაგა-ბაღის ეზოში ასფალტის საფარი დააგო.

ბაგა-ბაღის ადმინისტრაცია აღსაზრდელებს გასართობი ღონისძიებითა და ანიმატორების შოუთი დახვდა. ღონისძიებას დაესწრნენ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე და სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე. სტუმრებმა განახლებული ბაგა-ბაღის შენობა დაათვალიერეს და მშობლებსა და პერსონალს სააღმზრდელო პროცესის განახლება მიულოცეს.

 

მეთორმეტე საბავშვო ბაღი, შეიძლება ითქვას, კატასტროფულ მდგომარეობაში იყო რეაბილიტაციამდე. გარდა იმისა, რომ მთელ შენობაში ინტერიერი იყო სრულიად ამორტიზებული, ბაღს არ ჰქონდა შემოსასვლელი გზა. სამგორის გამგეობის დახმარებით, დღეს ბაღის ეზოში გადაადგილება უსაფრთხოდ არის შესაძლებელი. პროექტზე 200 000-მდე ლარი დაიხარჯა და მომავალში ჩვენ ბაღის ეზოს კეთილმოწყობაზეც ვიზრუნებთ,“ - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.