ახალი ამბები

ორგანიზაცია „Save the Children”-თან ერთობლივი პროექტები გრძელდება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსა და საერთაშორისო ორგანიზაცია „Save the Children“-ს შორის თანამშრომლობა მომავალ წელსაც გაგრძელდება. ამის შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელსა და ორგანიზაციის წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე მიიღეს გადაწყვეტილება.
საერთაშორისო ორგანიზაცია, პროგრამა HEART-ის მეთოდოლოგიით, თბილისის საბავშვო ბაღების აღმზრდელების გადამზადებას 2023 წლიდან ისევ გააგრძელებს. მიმდინარე წელს კი გადამზადების ეს კურსი 350-მდე აღმზრდელმა გაიარა.
HEART – Healing and Education Through the Arts, არის ხელოვნების გზით, განათლებისა და გაჯანსაღების მეთოდოლოგია, რომელიც მრავალფეროვანი აქტივობებით ეხმარება პატარებს სტრესის დაძლევაში, ემოციების მართვაში, კომუნიკაციისა და შემეცნებითი უნარების განვითარებაში. პროგრამის ეფექტიანობა დადასტურებულია როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი პილოტირების შედეგების კვლევებით. პროგრამა განსაკუთრებით ეფექტიანია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროცესში ჩართვისა და განვითარებისთვის.
Save the Children-ის ინიციატივითა და ბაღების სააგენტოს ხელშეწყობით, გაფართოვდება გასულ ზაფხულს დაწყებული ჰუმანიტარული პროექტი „საბავშვო სივრცე“, რომელიც დედაქალაქში მყოფი უკრაინელი ბავშვებისთვის ისეთი გარემოს შექმნას ითვალისწინებს, სადაც მათი ასაკისთვის შესაბამისი ფსიქოსოციალური და განმავითარებელი აქტივობები ჩატარდება. ამჯერად, ბაღების სააგენტო სასკოლო მზაობის ასაკის უკრაინელი ბავშვებისათვის კიდევ ერთი საბავშვო ბაღის სივრცეს გამოყოფს, სადაც სააღმზრდელო პროცესს მთლიანად უკრაინელი პედაგოგები წარუძღვებიან.
პროექტის დეტალები რამდენიმე კვირაში დაზუსტდება და მორიგი „საბავშვო სივრცე“ 1 ნოემბრიდან ამოქმედდება. აქამდე, ერთობლივი ჰუმანიტარული პროექტით თბილისში მცხოვრებმა 900-ზე მეტმა უკრაინელმა ბავშვმა ისარგებლა.