საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია 9 ივნისს, 10:00 საათზე დაიწყება
თბილისის მერიის სოციალური პროექტის, „საზაფხულო ბაღების“ მასშტაბები იზრდება - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, 2025 წლის ივლისში დედაქალაქში 50-ის ნაცვლად, 55 საბავშვო ბაგა-ბაღი იფუნქციონირებს და ის 20 000-მდე აღსაზრდელს მოემსახურება.
საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია ელექტრონულია და წარიმართება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე - www.kids.org.ge.
რეგისტრაცია დაიწყება 9 ივნისს, 10:00 საათიდან და გაგრძელდება ივნისის ბოლომდე.
პროექტით სარგებლობა შეეძლებათ თბილისის ბაღებში რეგისტრირებულ 2-დან 6 წლამდე ასაკის აღსაზრდელებს, მათ შორის მათაც, ვინც სექტემბერში ამთავრებენ ბაღს და სკოლაში მიდიან.
გასული წლის გამოცდილებამ აჩვენა, რომ საზაფხულო ბაღების მომსახურებაზე მოთხოვნა დედაქალაქში საკმაოდ მაღალია, რადგან დასაქმებულ თბილისელთა დიდი ნაწილი ივლისში ქალაქიდან გასვლას ვერ ახერხებს.
ამასთან ერთად, პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია საბავშვო ბაღებში დასაქმებული თანამშრომლებისთვის, რადგან ისინი საზაფხულო ბაღებში მუშაობისთვის დამატებით ანაზღაურებას მიიღებენ. წელს 55 საბავშვო ბაღში 3 300-მდე თანამშრომელი იმუშავებს.
საბავშვო ბაღები შერჩეულია გეოგრაფიული პრინციპით, რათა თბილისის ყველა უბნის მცხოვრებლებისთვის თანაბრად იყოს ხელმისაწვდომი აღნიშნული მომსახურება.
პროექტი 2025 წლის ბიუჯეტიდან 5 მლნ-მდე ლარით დაფინანსდება.
საზაფხულო ბაღების სია ხელმისაწვდომია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე.