ახალი ამბები

თბილისის მერის მოადგილე N19 „საზაფხულო ბაღის“ მუშაობას გაეცნო

დედაქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი N19 საბავშვო ბაღში იმყოფებოდა, სადაც პირველი ივლისიდან „საზაფხულო ბაღი“ ფუნქციონირებს. მერის მოადგილემ, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახა აბულაძესთან ერთად, ბაღის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სააღმზრდელო პროცესს გაეცნო. 

„პირველი ივლისიდან დაიწყო „საზაფხულო ბაღების“ ფუნქციონირება, სადაც, დაახლოებით, 20 000-მდე ბავშვი მიიღებს სწავლა-განათლებას. დღეს ჩვენ მონიტორინგი გავუწიეთ უშუალოდ სააღზრდელო პროცესს. მინდა, მშობლები დავამშვიდო და ვუთხრა, რომ აქ ყველაფერი მაღალი სტანდარტებით, იდეალურად მიმდინარეობს. ზოგადად, „საზაფხულო ბაღები“ მნიშვნელოვანი პროექტია, ვინაიდან მშობელთა ნაწილი ზაფხულში ვერ ახერხებს ქალაქიდან გასვლას და მათთვის საჭიროა, რომ ბავშვებმა ამ მომსახურებით ისარგებლონ“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

დედაქალაქში, მიმდინარე წლის ივლისში, 55 „საზაფხულო ბაღი“ ფუნქციონირებს, სადაც 3 500-მდე თანამშრომელი 20 000 აღსაზრდელს ემსახურება. 

„საზაფხულო ბაღები“ თბილისის მერიის სოციალური პროექტია, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს დასაქმებულ ოჯახებს, სააღმზრდელო წლის დასრულების შემდეგ მუნიციპალური სერვისებით კვლავ ისარგებლონ. პროექტი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 5 მილიონი ლარით ფინანსდება. 

N19 „საზაფხულო ბაღი“ სააგენტოს ხელმძღვანელთან და მერის მოადგილესთან ერთად დაათვალიერეს რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ზურაბ უგულავამ, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა პაატა ტოგონიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილმა, საკრებულოსა და პარლამენტის დეპუტატებმა გივი ჩხარტიშვილმა და ირმა ზავრადაშვილმა, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძემ.