ახალი ამბები

თბილისის მერმა ახლადგახსნილი საბავშვო ბაღი დაათვალიერა

თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახაბერ გვანცელაძესთან ერთად, ისნის რაიონში ახლად გახსნილი საბავშვო ბაღი დაათვალიერა. ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაგა-ბაღი საინგილოს ქუჩაზე მდებარეობს.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, რომელმაც აღსაზრდელთა პირველი ნაკადი 15 სექტემბერს მიიღო, 230 ბავშვზეა გათვლილი და 50-მდე ადგილობრივია დასაქმებული.

„ისნის რაიონში N88 საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა. ზოგადად, საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია ძალიან მნიშვნელოვანია. დღეის მდგომარეობით, შვიდი ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც მომავალი წლისთვის დასრულდება. ყველაზე მთავარია ის მიდგომა და დამოკიდებულება, რაც ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით გვაქვს, თუ როგორი უნდა იყოს საბავშვო ბაგა-ბაღები - კომფორტული, ყველანაირად ადაპტირებული, რათა მშობლებს არ ჰქონდეთ საფიქრალი, რომ თავიანთ შვილებს რაიმე სახის პრობლემა ექნებათ. ბაღი ყველანაირად მოწესრიგებული, გამართული, სუფთაა და ძალიან სასიამოვნო გარემოა. რა თქმა უნდა, ეს სტანდარტი ყოველთვის შენარჩუნდება. კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს მომავალ თაობებს მსგავსი საბავშვო ბაღები ჰქონდეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ახალი შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის და აღჭურვილია ბავშვთა უსაფრთხოების საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტის შესაბამისად - მოწყობილია სახანძრო უსაფრთხოებისა და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები, დამონტაჟებულია უსაფრთხოების ბადეები, ასევე, ეკრანი, სადაც მშობლებს შეუძლიათ, პირდაპირ ეთერში ადევნონ თვალი სამზარეულო ბლოკში საკვების მომზადების პროცესს.

ბაღს აქვს კეთილმოწყობილი ეზო სათამაშო მოედნებითა და ატრაქციონებით. პროექტის ღირებულებამ 3 600 000 ლარი შეადგინა.

ახალგახსნილი საბავშვო ბაღი დედაქალაქის მერთან ერთად, ისნის გამგებელმა ნიკა ელისაშვილმა და რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ლაბუჩიძემ დაათვალიერეს.