თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2025-2026 სააღმზრდელო წელი 15 სექტემბერს დაიწყება
ახალ სააღმზრდელო წელს მნიშვნელოვანი სიახლეებით ხვდება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო. ისნის რაიონში გაიხსნება N109 საბავშვო ბაგა-ბაღის ახალი შენობა. ბაღი ერთ-ერთი უდიდესია თბილისის მასშტაბით და 20 ჯგუფით მოემსახურება 600-ზე მეტ აღსაზრდელს.
შემოდგომაზე კიდევ ერთი საბავშვო ბაღი დაბრუნდება სრულიად ახალ შენობაში. გლდანის რაიონში, კერძოდ კი ზაჰესის დასახლებაში მდებარე N50 საბავშვო ბაღის ახალი შენობის მშენებლობა დასრულებულია და პატარების მისაღებად ბოლო სამზადისი მიმდინარეობს.
ორივე, N109 და N50 საბავშვო ბაღები მშენებლობის პერიოდში ალტერნატიულ ფართებში ფუნქციონირებდა, რამდენიმე კვირაში კი ისინი განახლებულ, კეთილმოწყობილ და თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის გარემოში გააგრძელებენ სკოლამდელი განათლების მიღებას.
ახალი ბაღების გახსნის სამზადისის პარალელურად, ბაღების სააგენტო კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. ბაღების განახლების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული და მსხვილი სარემონტო სამუშაოები თბილისის ათ (N107, N153, N160, N69, N95, N172, N137, N71, N101, N102) საბავშვო ბაღში, რაც მოიცავს, ფასადის განახლებას, ინტერიერის სრულ განახლებას, ეზოებისა და ვერანდების კეთილმოწყობას, სადრენაჟე და გათბობის სისტემების სრულ განახლებას. აღნიშნული სამუშაოები სააგენტოს მიერ 1,700,000-მდე ლარით დაფინანსდება.
გარდა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებისა ას ოცდაათ საბავშვო ბაღში მიმდინარეობს მცირე და საშუალო მასშტაბის სარემონტო სამუშაოები, რომლებიც მოიცავს სააღმზრდელო ჯგუფების, სამზარეულო და სასაწყობე სივრცეების კოსმეტიკურ განახლებას. რათა ზედმიწევნით იყოს დაცული კვებისა და ჰიგიენის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები. ამ სამუშაოებისთვის სააგენტოს ბიუჯეტიდან 1,500,000-მდე ლარი დაიხარჯება.
ყველა საბავშვო ბაღში, საჭიროებისამებრ, განახლდა და შეივსო სააღმზრდელო და ტექნიკური სამუშაოებისთვის განკუთვნილი ინვენტარი: მეთოდოლოგიური რესურსები, სათამაშოები, სამზარეულოს ტექნიკა, ჭურჭელი და ავეჯი.
წარმატებულ და მშვიდობიან სააღმზრდელო წელს ვუსურვებ როგორც ჩვენს პატარებს და მათ მშობლებს, ასევე ჩვენი ბაგა- ბაღების თანამშრომლებს.