ახალი ამბები

უპრეცედენტო პროექტი - რაგბის სტადიონი ბაგა-ბაღის ეზოში

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ კიდევ ერთი პროექტი განახორციელა - ისნის რაიონში მდებარე N156 ბაგა-ბაღის ეზოში რაგბის პირველი მინი-სტადიონი მოეწყო.

ახალი სტადიონი სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ გახსნა. ღონისძიებას რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე და მაჟორიტარი დეპუტატები, ირაკლი აბუსერიძე და ლევან დავითაშვილი დაესწრნენ.

„უმნიშვნელოვანესი პროექტი განვახორციელეთ ისნის რაიონის N156-ე ბაღში - საქართველოს მასშტაბით პირველად, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ტერიტორიაზე რაგბის მინი-სტადიონი მოეწყო. ეს პროექტი გარკვეულ სიახლეებს შეიტანს მეთოდოლოგიაშიც, რადგან ჩვენ დავგეგმეთ პერსონალის გადამზადება სპორტის ამ სახეობის წესების შესახებ, რათა მათ შეძლონ სწორი ცოდნით წარმართონ სპორტული აქტივობები ბაღში და ბავშვებს რაგბი შეაყვარონ. ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს, ანალოგიური პროექტი სხვა ბაღებშიც განვახორციელოთ“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

იდეის ავტორი ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი აბუსერიძეა. მან ბაგა-ბაღის აღსაზრდელები რაგბის ბურთებით დაასაჩუქრა და მათთან ერთად სპორტულ აქტივობაშიც ჩაერთო.