ახალი ამბები

ვაზისუბანში ახალი ბაღის მშენებლობა დაიწყება

ვაზისუბანში, აშოტ კურაპალატის ქუჩაზე, შემოდგომაზე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყება.

9-ჯგუფიანი ბაღის მშენებლობა მომავალ წელს დასრულდება და ის 250-მდე აღსაზრდელს მიიღებს. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის და გათვალისწინებული იქნება ბავშვთა უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტები.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ ისნის გამგებელ კახა ლაბუჩიძესა და რაიონის მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად, საპროექტო ტერიტორია დაათვალიერა და მათ პროექტის დეტალები გააცნო.

კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, უკვე გამოვლენილია კომპანია, რომელიც აშოტ კურაპალატის ქუჩაზე რამდენიმე თვეში სამშენებლო სამუშაოებს დაიწყებს.

„მიუხედავად იმისა, რომ ისნის რაიონში საკმაოდ ბევრი საბავშვო ბაღი გვაქვს, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებზე მოთხოვნა მაინც ძალიან დიდია. სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდა პირდაპირ კავშირშია ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ახალი ბაღების მშენებლობასთან. სწორედ ამიტომ, ახალი ბაღების მშენებლობის პროცესს აქტიურად განვაგრძობთ“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ორნამენტი“ განახორციელებს. პროექტის ღირებულება 2 235 867 ლარია.